saWmeli sokoebi - WeWketasoko

Домен: Эукариоты
Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Сыроежковые
Семейство: Сыроежковые
Род: Млечник
Вид: Груздь красно-коричневый
Международное научное название: Lactarius volemus

 

ჭეჭკეტასოკო - (ინგ. Lactifluus volemus) (რუს. Груздь красно-коричневый)

სინონიმი: უცნობია.

Lactifluus volemus  წარსულში Lactarius volemus-ის სახელწოდებით ცნობილი სოკოს სახეობა Russulaceae-ის ოჯახის სოკოებს განეკუთვნება. ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ზომიერი ჰავის მქონე რეგიონებში, ისევე როგორც ცენტრალური ამერიკისა და აზიის ზოგიერთ სუბტროპიკულ და ტროპიკულ მიდამოში. ეს სახეობა მიკორიზულ სოკოებს მიეკუთვნება, მისი ნაყოფიერი სხეული ზაფხულსა და შემოდგომაზე სხვადასხვა სახეობის ხეების ქვეშ განცალკევებით ან პატარა ჯგუფებად იზრდება. Lactifluus volemus საკვებად ვარგის სოკოებს მიეკუთვნება და მას აზიის მაღაზიებში ხშირად შეხვდებით. ამ სახეობის სხვა რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც ამ უკანასკნელს ჰგავს L. corrugis-ს მოიცავს, რომლის გარჩევა მათი გავრცელების არეალის, ხილული მორფოლოგიისა და მიკროსკოპული მახასიათებლების საშუალებითაა შესაძლებელი. L. Volemus თეთრ სპორებს წარმოქმნის, მათ სფერული ფორმა და 7–8 მიკრომეტრი დიამეტრი აქვთ.

L. volemus-ისფერი ატმისფერსა და ღია ყავისფერს შორის მერყეობს, ქუდის სიგანე შეიძლება 11 სმ-მდე (4 1⁄2 in) აღწევდეს. ქუდის ქვედა ზედაპირზე არსებული ბაცი ოქროსფერ-ყვითელი ლამელები ერთმანეთთან ახლოს, ზოგჯერ კი ჩანგლისებურადაა განლაგებული. ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ყველაზე გამოკვეთილი თვისება დიდი რაოდენობით ლატექსის („რძე“) გამოყოფაა, რომელსაც დაზიანებული ლამელები გამოყოფენ, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი ცნობილი სახელწოდებები - რძიანა სოკო და ლატექსის რძიანა. L. volemus-ს განსხვავებული, თევზის სურნელი ახასიათებს, რაც მის გემოზე გავლენას არ ახდენს. ქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მისი ნაყოფსხეულები ერგოსტეროლის მსგავს რამდენიმე სტეროლს შეიცავენ, ზოგიერთი მათგანი ამ სახეობისთვის უნიკალურია. L. Volemus ასევე შეიცავს ბუნებრივ რეზინს, რომლის ქიმიური მახასიათებლები ცნობილია. ფილოგენეტიკური ანალიზის მიხედვით აღმოჩნდა, რომ Lactifluus volemus ერთი ტაქსონომიური ერთეულის ნაცვლად, რამდენიმე სახეობას ან ქვესახეობას წარმოადგენს.

ტაქსონომია და სახელწოდება

პირველად Lactifluus volemus-ის სახელი მეცნიერულ ლიტერატურაში კარლ ლინეუმ, 1753 წელს, თავის ნაშრომში Species Plantarum ახსენა, მან ეს სახეობა Agaricus lactifluus-ის სახელწოდებით მოიხსენია. 1821 წელს შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა, თავის ნაშრომში Systema Mycologicum ამ სახეობას Agaricus volemus უწოდა. მოგვიანებით მან Lactarius დამოუკიდებელ ოჯახად აღიარა, ხოლო Galorrheus კი მის სინონიმად გამოაცხადა. L. volemusvar. Subrugosus ეს სახეობა 1879 წელს ჩარლზ ჰორტონ პეკმა აღმოაჩინა, დღევანდელი კლასიფიკაციით მას სხვა სახეობებში მოიხსენებენ L. corrugis. 1891 წელს ოტო კუნტზმა ეს სახეობა Lactifluus სახეობებში გადაანაცვლა, რაც შემდგომ დიდი ხნის განმავლობაში მოიაზრებოდა Lactarius-ის სინონიმად, თუმცა 2008 წელს ჩატარებული მოლეკულური ფილოგენეტიკური კვლევით სოკოს განსხვავებული ოჯახი აღმოჩნდა და მას შემდეგ Russulaceae ოჯახში ერთიანდება.

კიდევ ერთი ისტორიული სინონიმი Lactarius lactifluus გახლავთ, რომელიც ლუსიენ ქელეტმა 1886 წელს გამოიყენა, შეცვლილი სახელწოდება ლინეუსის Agaricus lactifluus-ს ეფუძნებოდა. 2005 წელს Lactarius wangii, ჰუა ან ვენისა და იან ჟე იანგის მოხსენებით ჩინეთში არსებულ ახალ სახეობებად იქნა მიჩნეული, 2 წლის შემდეგ კი L. volemus-თან გააიგივეს.

კონკრეტული ეპითეტი „volemus“ ლათინული სიტყვიდან vola არის წარმოებული, რაც „ხელის ჩაღრმავებას“ ნიშნავს, სავარაუდოდ აქედან მომდინარეობს ფრისის გამოყენებული სახელწოდებაც ლატექსის შესახებ, რაც ხელის გულის ასავსებად საკმარის რაოდენობაზე მიუთითებდა. L. volemus-ის გავრცელებული სახელწოდებები რძიანა სოკო, ღია ყავისფერი რძიანა, ნარინჯისფერ-ყავისფერი რძიანა, ლატექსის რძიანა, ნარინჯისფერი ლაქტარიუსი, თევზის სუნის მქონე რძიანა და ატმისფერი რძიანა სოკოა. შეერთებული შტატების დასავლეთ ვირჯინიის მთებში სოკოს ამ სახეობას „ტყავის ზურგიანს“ უწოდებენ.

ფილოგენეტიკა

Lactifluus volemus ლაქტარიუსის ქვეოჯახის Dulces  ნაწილში არსებული სახეობა, დღევანდელი კლასიფიკაციით Lactifluus-ის Lactifluus ნაწილში მოიაზრება. ამ სახეობის სოკოებს მშრალი ქუდი, უხვი ლატექსი და თეთრი ან ღია კრემისფერი სპორები ახასიათებს. L. corrugis-თან ახლო ნათესაური კავშირის, მათი საერთო მორფოლოგიური მახასიათებლების, მათ შორის ქუდისა და ღეროს შეფერილობის გამო, ამ ორი სახეობის გარჩევა სირთულეს წარმოადგენს. ამ სირთულეს ისიც ემატება, რომ ორივე მათგანს რამდენიმე ფერის ფორმა გააჩნია: L. volemus-ის იაპონურ სახეობას შესაძლოა წითელი ან ყვითელი ქუდი და გრძელი ღერო ან ხავერდოვანი ზედაპირი ჰქონდეს; L. corrugis-ის ქუდი კი შეიძლება წითელი, ხშირად ჟანგისფერი იყოს. 2005 წელს იაპონელმა მკვლევარებმა მოლეკულური ფილოგენეტიკური კვლევითა და ცხიმოვანი მჟავების შემცველობის შედარებით, მორფოლოგიისა და გემოს მიხედვით ამ ორ სახეობასა და Dulces-ს სხვა სახეობებს შორის კავშირი დაადგინეს. ფილოგენეტიკურად, ფერების სხვადასხვა ვარიანტი ცალკეულ ქვეშტოებში ხვდება, სხვა სახეობის, ქვესახეობის ან სხვა ვარიანტების არსებობაზე მიუთითებს. 2010 წელს, ჩრდილოეთ ტაილანდში ჩატარებული L. Volemus-ის 79 შესწავლილი ნიმუში მოლეკულური კვლევით 18 განსხვავებულ ფილოგენეტიკურ სახეობად დაიყო; 6 მათგანს ახალი სახეობის სახელწოდება მიენიჭა: Lactifluus acicularis, L. crocatus, L. distantifolius, L. longipilus, L. pinguis and L. vitellinus.

აღწერილობა

მაკრომორფოლოგია

Lactifluus volemus-ის ნაყოფსხეულს ხორციანი და მაგარი ქუდი აქვს, რომლის ზედაპირიც ხავერდოვანი ან გლუვია, ფორმა კი მოწიფულობასთან ერთად ეცვლება: თავდაპირველად მას ამოზნექილი ფორმა აქვს, შემდეგ კიდეები შიგნით ეკეცება, მოგვიანებით კი შუაში ჩაღრმავება უვითარდება და ბრტყელ ფორმას იძენს. ჩვეულებრივ, მისი დიამეტრი 5-11 სმ  (2–4 1⁄2 ინჩი), ფერი კი ატმისფერსა და ღია ყავისფერს შორის მერყეობს. ქუდის ფერი ოდნავ ცვალებადია, როგორც ეს შეინიშნება აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული სახეობების შემთხვევაში. ღეროს სიგრძე დაახლოებით 4-12 სმ (1 1⁄2 – 5 ინჩი), სისქე კი 1 - 1.5 სმ-მდეა (0.4 - 0.6 ინჩი) და ქუდთან შედარებით შედარებით ღია ფერის შეფერილობა გააჩნია. სქელია, მისი ზედაპირი ხავერდოვანი ან გლუვია, ზოგჯერ კი მთელ სიგრძეზე ჩაღრმავებები გასდევს. ლამელები შეზრდილია და ოდნავ ქვევითაა მიმართული, ფაქიზი, წვრილი, ერთმანეთთან ახლოს, ზოგჯერ კი ჩანგლისებურად განლაგებულია. ჩვეულებრივ ღია ოქროსფერ-ყვითელი შეფერილობა აქვს, დაზიანების შემთხვევაში კი ყავისფერდება. ლამელებს შორის ფირფიტებია განლაგებული, რომლებიც მოკლე ლამელებს წარმოადგენენ, რომლებიც ღერომდე არ ვრცელდება. რბილობი მოთეთრო და სქელია. სოკოს ოდნავ თევზის სუნი დაჰკრავს; ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით მას მტკნარი წყლების ერთ-ერთი სახეობის მკვდარი თევზის სუნი აქვს, რომელსაც მეთევზეების თქმით ყველაზე ცუდი სუნი გააჩნია. სუნი ნაყოფსხეულების გამოშრობისას კონცენტრირდება. ამ სოკოს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ჭარბად გამოყოფილი ლატექსია, იმდენად ჭარბად, რომ ლამელებზე ოდნავი შეხება რძის მსგავსი ნივთიერებით მის დანამვას იწვევს. ლატექსი შეხების ადგილას ყავისფერ ლაქებს ტოვებს.

მიკრომორფოლოგია

სპორა მოთეთრო ფერის, სფერული ფორმის და გამჭვირვალეა (ჰიალინი). ჩვეულებრივ მისი ზომებია: 7.5–10.0x7.5–9.0 µm. სპორის ზედაპირი ბადისებრია-დაფარულია ქედებით რომლებიც მთლიან ქსელს ქმნიან. ქედების სიმაღლე 0.8 µm, მათი ხილული გამონაზარდების სიმაღლე 1.2 µm. ჰიმენიუმის, ბაზიდიის სპორის მატარებელი უჯრედები კვერთხის ფორმისაა, ჰიალინური და 4-სპორიანი, მისი ზომებია: 40–62x7.2–10.4 µm. ბაზიდიუმებს შორის სტერილური უჯრედები-ცისტიდებია განლაგებული. პლევროცისტიდა (ლამელების გვერდით განლაგებული ცისტიდა)  თითისტარას ან კვერთხის ფორმისაა, მისი ზომებია 48-145x5-13 µm. ქეილოცისტიდა (ლამელების კიდესთან განლაგებული ცისტიდა) შეიძლება თითისტარას, კვერთხის, მახათის ან შუალედური ფორმის იყოს, მისი ზომებია 27-60x5-7 µm. ამის გარდა არსებობს სხვა ცისტიდებიც, რომლებიც ქუდისა და ღეროს ზედაპირზეც არიან განლაგებული. სოკოს რბილობზე რკინის სულფატის დაწვეთების შემთხვევაში (სოკოს ამოსაცნობად ჩატარებული ქიმიური ტესტი), ეს უბანი მაშინვე მუქ ლურჯ-მწვანე ფრად შეიღებება.

სახეობები

ალექსანდრე სმიტმა და ლექსემუელ რეი ჰესლერმა 1979 წელს თავიანთ მონოგრაფიაში „ჩრდილოეთ ამერიკის ლაქტარიუსის სახეობები“ Lactifluus volemus-ის ვარიანტი var. Flavus აღწერეს. ამ იშვიათი ვარიანტის ქუდი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში გვხვდება (სამხრეთ კაროლინა-ფლორიდა, ტეხასის დასავლეთ ნაწილამდე), მისი განვითარების განმავლობაში ფერს არ იცვლის და ყვითელია. მას შედარებით პატარა ზომის სპორები აქვს: 6.5-9.0x6-8 µm. ზოგიერთი ავტორი L. Volemus var. Oedematopus-ს, რომელსაც იშვიათად ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში შეხვდებით უფრო მუქი წითელ-მოყავისფრო ქუდისა და შეშუპებული ღეროს გამო ცალკეულ ვარიანტად განიხილავს. ამ შეფასებას ყველა არ ეთანხმება, რადგან ეს ვარიანტი ძირითადი სახეობის მორფოლოგიურ ვარიაციას შეესაბამება. L. Volemus var. Asiaticus-ს სახელწოდება 2004 წელს ვიეტნამური ნიმუშებზე დაყრდნობით შეურჩიეს; ზოგადად, მცირე ტაქსონომიური მნიშვნელობა L. volemus-ის რამდენიმე სახეობის არსებობითაა განპირობებული.

მსგავსი სახეობები

Lactifluus volemus L. corrugis-ის მონათესავე სახეობაა, მათ შორის გარეგნული მსგავსებაც არსებობს. ჩვეულებრივ, L. Corrugis-ს უფრო მეტი ზედაპირული ნაოჭი, უფრო მუქი ფერის ფირფიტები და სუსტი სუნი აქვს, ან სუნი საერთოდ არ აღინიშნება, ფერიც ნაკლებადაა ნარინჯისფერი; მიუხედავად ამისა, შესაძლოა შუალედური შეფერილობა შეგვხვდეს. მათი უფრო ზუსტად გარჩევა მიკროსკოპული მახასიათებლებითაა შესაძლებელი: L. Corrugis-ს უფრო დიდი ზომის სპორები გააჩნია, ჩვეულებრივ მისი ზომებია 10.4–12.8x9.6–11.8 µm უფრო უხეში ბადისებრი ზედაპირი და დიდი ზომის პლევროცისტიდა გააჩნია. ასევე მონათესავე სახეობაა Lactifluus austrovolemus, მაგრამ მას უფრო ახლოს მიჯრილი ფირფიტები ახასიათებს, L. lamprocystidiatus გარჩევა კი L. Volemus-გან მიკროსკოპული მახასიათებლებითაა შესაძლებელი: მის სპორებზე არსებული ბადისებრი სტრუქტურა უფრო მაღალი და წაწვეტებულია, ბადის ქსელები კი უფრო პატარა ზომისაა. L. Austrovolemus და L. Lamprocystidiatus მხოლოდ პაპუა ახალი გვინეადანაა ცნობილი. Lactifluus hygrophoroides  L. volemus-ს ჰგავს, მაგრამ მისგან ერთმანეთისგან შორი-შორს მდებარე ფირფიტები და სპორები გამოარჩევს, რომელთაც ბადისებრი ზედაპირი არ გააჩნიათ.

Lactarius-ის ოჯახის სხვა რამდენიმე სახეობაც მსგავსია: ტროპიკულ აფრიკულ Lactarius chromospermus-ს L. volemus-ის მსგავსი გარეგნული მახასიათებლები აქვს, თუმცა პირველი მათგანი აფრიკაში გავრცელების გარდა დარიჩინის-ყავისფერი სპორებით ამოიცნობა უნიკალურია Russulaceae-თვის. Lactarius subvelutinus ასევე ჰგავს L. volemus-ს, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით თევზის სუნი არ გააჩნია, ბაცი ყვითელ-ნარინჯისფერი, ღია ოქროსფერ-ნარინჯისფერი ქუდი, წვრილი ფირფიტები და თეთრი ლატექსი აქვს, რომელიც ფერს არ იცვლის.

საკვები ღირებულება და სხვა დანიშნულების მიზნით გამოყენება

თევზის უსიამოვნო სუნის მიუხედავად, რომელიც სოკოს შეგროვების შემდეგ ვლინდება, Lactifluus volemus საკვებად ვარგის სოკოებს მიეკუთვნება და მისი გამოყენება კულინარიაში რეკომენდირებულია, თუმცა სხვა რძიანა სოკოების მსგავსად მისი ოდნავ მარცვლოვანი სტრუქტურა შესაძლოა ყველასთვის მადის აღმძვრელი არ აღმოჩნდეს. სუნი სოკოს მომზადებისას ქრება. ლატექსს კი მსუბუქი გემო აქვს. ეს სახეობა სოკოების დამწყები მომგროვებლებისთვის კარგ არჩევნად ითვლება; მისი მომზადების საუკეთესო გზა მისი ნელა მზადებაა, რაც სოკოს გამაგრებისგან დაიცავს; იმ სოკოებს, რომლებიც გამოშრობის შემდეგ ისევ წყალში მოათავსეს, მარცვლოვანი სტრუქტურის მოსაშორებლად, მომზადებისთვის უფრო დიდი დრო დასჭირდებათ. სოკოს გამოყენება ღუმელში შემწვარ საკვებსა და სქელ საწებლებშიც შეიძლება. ტაფაზე შეწვა დიდი რაოდენობით ლატექსის გამოყოფის გამო მომზადების რეკომენდირებულ მეთოდს არ წარმოადგენს. L. Volemus რამდენიმე სახეობის რძიანა სოკოებს შორის ერთ-რთს წარმოადგენს, რომლის შეძენა ჩინეთის შორეულ პროვინციაშია შესაძლებელი, ნეპალში კი ეს სახეობა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შეგროვებად და გასაყიდ გარეულ, საკვებად ვარგის სოკოს წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის რძიანა სოკოების შესახებ 2009 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, ბასეტი და კოლეგები ამ სახეობას შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში რძიანა სოკოებს შორის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ სახეობას მიაკუთვნებენ. ნაყოფსხეულების ნუტრიციული შემადგენლობის შესახებ თურქეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ L. Volemus ცილისა და ნახშირწყლების კარგ წყაროს წარმოადგენს.

თურქეთში, ცენტრალურ ანატოლიაში, 2 ხანშიშესულ ადამიანს L. Volemus სოკოს მირთმევის შემდეგ გარდამავალი პანკრეატიტი დაუდგინდა. ორივე მათგანმა საკვებად მიიღო სოკო, რომელსაც ისინი Tirmit-ს უწოდებენ. მდგომარეობა თვითნებურად ალაგდა.

ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები

სოკოს ნაყოფსხეულები სტეროლის უნიკალურ მოლეკულას-ველომელიდს შეიცავს, რაც სოკოების სტეროლის-ერგოსტეროლისგან მიიღება და შესაძლოა სოკოების ქიმიოტაქსონომიაში გამოიყენებოდეს. 2001 წელს ჩატარებული კვლევით დამატებით 9 სტეროლი აღმოაჩინეს, რომელთაგან 3 მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი იყო. ავტორების განცხადებით ჟანგბადით ასე კარგად მომარაგებული ნაწილაკები-სტეროლების მსგავსი-საზღვაო მარჯანსა და ზღვის ღრუბლებშია აღმოჩენილი-სოკოებში კი იშვიათობას წარმოადგენს. ეს სახეობა ასევე შეიცავს ვოლემიტოლს (D-glycero-D-mannoheptitol), 7 ნახშირბადის შემცველ შაქრის ალკოჰოლს, რომელიც პირველად 1889 წელს ფრანგმა მეცნიერმა ემილ ბორქელოტმა სოკოსგან გამოჰყო. ვოლემიტოლი თავისუფალი შაქრის სახით ბევრ მცენარისა და ყავისფერი წყალმცენარეების სახეობებში გვხვდება.

პოლიიზოფრენის ბუნებრივი შემცველობის გამო (1.1-7.7% ნაყოფსხეულების მშრალ წონაზე), L. Volemus-ის ნაყოფსხეულების გამოყენება რეზინის წარმოებისთვისაც შეიძლება. რეზინის ქიმიური სტრუქტურა მაღალი  მოლეკულური წონის მქონე პოლიფრენოლის ჰომოლოგისგან შედგება, რომელიც დიმეთილალილის ჯგუფის, 2 ტრანს იზოფრენის ერთეულისა და cis იზოფრენის გრძელი თანმიმდევრობის (260-300 ერთეული) სახით გვხვდება, საბოლოოდ კი ჰიდროქსილის ან ცხიმოვანი მჟავის ესტერით ბოლოვდება. L. Volemus სოკოსა და სხვა რძიანა სოკოს სახეობებში რეზინის სინთეზის დაწყება ფერმენტ იზოპენტინილ-დიფოსფატ დელტა იზომერაზას უკავშირდება, რაც ამ სახეობებში იქნა აღმოჩენილი.

ეკოლოგია და გავრცელება

ყველა რძიანა სოკოს მსგავსად, L. Volemus ექტომიკორიზებს განეკუთვნება და სხვადასხვა სახეობის ხეებთან ორმხრივად სასარგებლო სიმბიოზურ კავშირს ქმნის. ამ შემთხვევაში სოკოს ჰიფა მცენარის ფესვის გარშემო და ქერქის უჯრედებს შორის იზრდება, თუმცა მათ შიგნით არ ჩაიზრდება. ჰიფა გარეთ, ნიადაგში ვრცელდება, რაც შეწოვისთვის საჭირო ზედაპირს ზრდის და მცენარეს ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების ათვისებაში ეხმარება. სოკოს ეს სახეობა ნანახია როგორც წიწვოვანი, ასევე ფართოფოთლოვანი ხეების ძირში, თუმცა უფრო დამახასიათებელი ფოთოლმცვენი ხეებისთვისაა. მისი აღმოჩენა შესაძლებელია ტორფის ხავსის ზედაპირზეც. სოკოს ნაყოფსხეულები ზაფხული-შემოდგომის პერიოდშია გვხვდება. მათი აღმოჩენა ცალკეულად ან ჯგუფების სახითაა შესაძლებელი და თბილ და ტენიან ამინდში უფრო უხვად მოიპოვება.

სოკოს ნაყოფსხეულებზე შესაძლოა limoniid სახეობის ბუზებმა, მაგალითად დისკობოლა მარგინატამ, ლიმონია იაკუშიმენსისმა/Limonia  yakushimensis ან სოკოებზე მობინადრე ტკიპებმა დაიდონ ბინა. ბუზები ტკიპებისთვის სიმბიოზურ კავშირში ფორეზი არსებულ მასპინძელს წარმოადგენენ, სადაც ტკიპებს მექანიკურად დაატარებენ მათი მასპინძელი ორგანიზმები. ტკიპები პატარა ზომისაა და სოკოებს შორის არსებულ შედარებით დიდ მანძილებზე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ; მასპინძელი მწერები შედარებით დიდი ზომის არიან და ტკიპების გადაყვანა მათთვის სასურველ საკვებ გარემოში შეუძლიათ.

Lactifluus volemus თბილ, ზომიერი ჰავის მქონე, ასევე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ტროპიკულ ტერიტორებზე გვხვდება. სოკო ევროპაში ფართოდაა გავრცელებული, თუმცა ზოგ ქვეყანაში მისი რაოდენობა მცირდება, ნიდერლანდებში (და ფლანდრიაში) კი მისი იშვიათობის გამო ის ლოკალურად გადაშენებულ სახეობას მიეკუთვნება. ამერიკაში მისი გავრცელების საზღვარი ჩრდილოეთით სამხრეთ კანადას აღწევს (დიდი ვაკეების აღმოსავლეთით), სახეობები სამხრეთით შეერთებული შტატებისა და მექსიკის აღმოსავლეთ სანაპირომდე და მათ მიღმა, ცენტრალურ ამერიკაში (გვატემალა) ვრცელდება. სოკოს ეს სახეობა ცნობილია აზიაში, მათ შორის ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, კორეაში, ნეპალსა და ვიეტნამში. მათი მოპოვება ასევე შესაძლებელია შუა აღმოსავლეთში, მათ შორის ირანსა და თურქეთში.